აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებით ჯარიმების გადახედვა იგეგმება
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებით ჯარიმების გადახედვა იგეგმება

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებით არსებული ჯარიმების გადახედვა იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართადლდარღვევათა კოდექსში” მომზადებული ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტის მიხედვით, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 1500 ლარის ოდენობით. პროექტით კონკრეტდება, რომ განმეორების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა ფიზიკურ პირებზე 500 ლარის ოდენობით იქნება, ხოლო იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა ფიზიკური პირისთვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით.

ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან, რომლებიც განმარტავენ, რომ 2023 წლის მონაცემებით, იანვარი-ივლისის თვის ჩათვლით, შედგენილია 344 სამართალდარღვევის ოქმი. დეპუტატების შეფასებით, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ, არსებული რეგულაციის ფონზე, დამრღვევი პირები დადგენილ ჯარიმებს არ ერიდებიან და პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა, რამაც შესაძლებელია, უფრო ეფექტური პრევენციული ხასიათი მიიღოს.