სამხრეთ ნახევარსფეროში მზის სრული დაბნელება მოხდა [ფოტოები]
12:22, 03.07.2019
2 ივლისს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილსა და სამხრეთ ამერიკაში მზის დაბნელება მოხდა.
ჩილესა და არგენტინის გარკვეულ ნაწილში მოსახლეობა მზის სრული დაბნელების მომსწრე გახდა, ანუ მთვარემ მზის სინათლე სრულად დაბლოკა, ჩანდა მხოლოდ ჩვენი ვარსკვლავის გვირგვინი (კორონა). არგენტინისა და ჩილეს დანარჩენ ტერიტორიაზე კი ადამიანებმა ნაწილობრივი დაბნელება იხილეს.
სანამ დაბნელება სამხრეთ ამერიკას მიაღწევდა, წყნარი ოკეანის რამდენიმე კუნძული მოიცვა. სრული დაბნელება პირველად კუნძულ ოენოზე გამოჩნდა, სადაც ეს პროცესი 2 წუთსა და 53 წამს გაგრძელდა. სრული დაბნელება ოდნავ ასცდა აღდგომის კუნძულს, სადაც მოსახლეობამ მზის დისკო 80 პროცენტით ჩაბნელებული იხილა.
დაბნელება ყველაზე დიდხანს, 4 წუთსა და 32,8 წამს გაგრძელდა გალაპაგოსის კუნძულებიდან 2600 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, მაგრამ სამწუხაროდ, ღია ოკეანეში.
მზის ნაწილობრივი დაბნელება თითქმის მთელი სამხრეთ ამერიკიდან ჩანდა, მაგრამ სრული დაბნელება მხოლოდ ჩილესა და არგენტინის გარკვეულ ტერიტორიებზე, 150 კმ სიგანის ზოლში მოხდა.
სრული დაბნელების დროს, ცა იმდენად ჩაბნელდა, რომ გამოჩნდა ის პლანეტები და ვარსკვლავები, რომლებიც სამხრეთ ნახევარსფეროდან წლის ამ დროს ღამით არ ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ მზის დაბნელება წელიწადში რამდენჯერმე ხდება, სრული დაბნელება იშვიათია. შემდეგი ასეთი მოვლენა 2020 წლის 14 დეკემბერს, კვლავ ჩილესა და არგენტინის ტერიტორიებზე მოხდება.