სამხედრო მოსამსახურეები შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ. სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ მუშაობას. მათ მეწყრული მასის ზედაპირზე რამდენჯერმე ააწყვეს ქვეითი ხიდები, საჭირო გახდა ხიდების სხვადასხვა ლოკაციაზე გადატანაც.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო პროცესში სამხედროებმა მეტალოდეტექტორებიც გამოიყენეს, რაც მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას აიოლებს. ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი. სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მხარდამჭერ ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებენ.