ექსპერტები კონკრეტულად ვერ პასუხობენ კითხვას, რამდენი დანა ფიგურირებდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე
ექსპერტები კონკრეტულად ვერ პასუხობენ კითხვას, რამდენი დანა ფიგურირებდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები კონკრეტულად  ვერ პასუხობენ კითხვას, რამდენი დანა ფიგურირებდა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეში.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებს კითხავდნენ, სერგი კაპანაძე დაინტერესდა, სულ რამდენი დანა იყო გამოყენებული მკვლელობის დროს.

„ასეთ კითხვაზე ჩვენ კონკრეტულ პასუხს ვერ გავცემთ”, – განაცხადეს ექსპერტებმა.

როგორც მათ აღნიშნეს, შეუძლიათ, გამოძიებას 100%-ით უთხრან კონკრეტულ ნივთზე, ფიგურირებდა თუ არა მკვლელობის დროს.

„ნებისმიერი ჩვენი ექსპერტიზა არის გარკვეული პაზლის ნაწილი, რომელსაც ვაძლევთ გამოძიებას.  ჩვენ სამედიცინო, კრიმინალისტურ თუ ტრასოლოგიურ, დაქტილოსკოპიურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ, გენეტიკურ და სხვა  მონაცემებს როცა ღებულობს გამომძიებელი, აქედან გამომდინარე, მას შეუძლია, უფრო კონკრეტულად გავიდეს გარკვეულ საგანზე, ვიდრე –  ჩვენ. ჩვენ შეგვიძლია, თითქმის 100 პროცენტით ვუთხრათ გამოძიებას, რომ წარმოდგენილ დანას აქ არ უმოქმედია საერთოდ და გამოგვერიცხა რომელიმე. მაგალითად, მხოლოდ მეორე დანა რომ ყოფილიყო წარმოდგენილი ბევრ ჭრილობაში, დავწერეთ, რომ აქ ეს დანა ნამდვილად არ მოქმედებდა”, – განაცხადა ექსპერტმა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე დღეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს –  გიორგი მაღრაძეს, სოფო ბელქანიას, გიორგი ცინცაძეს და ნინო კვიწინაძეს მოუსმინეს.