სამინისტროების რაოდენობა 14-მდე მცირდება
სამინისტროების რაოდენობა 14-მდე მცირდება

საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. შესაბამისად, გაუქმდა ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სპორტისა და ახალგაზრდობის,  ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას მიხეილ გიორგაძე დაიკავებს.

გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტრო კი ეკონომიკის სამინისტროს უერთდება.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გააკეთა.

საქართველოს მთავრობას, საკადრო და სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო, პარლამენტის მხრიდან ნდობის ხელახლა გამოცხადება სჭირდება.