სამგორის გამგეობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა წარმომადგენლებს გამგებელი შეხვდა
თბილისში, სამგორის რაიონის გამგეობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე შეხვდა.
როგორც კახა სამხარაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საკითხზე, თუ როგორ შეუძლია გამგეობას დაეხმაროს ამ ადამიანებს.
„ოთხ წარმომადგენელს შევხვდი. ავუხსენი, რომ დახმარებები ხდება ინდივიდუალურად. ამიტომ მათ ვუთხარი, რომ ვისაც დახმარება სჭირდება გამგეობისა და მუნიციპალიტეტის მხრიდან, მათ უნდა შემოიტანონ განაცხადი, რომელსაც განვიხილავთ იმ კომპეტენციისა და კრიტერიუმების ფარგლებში, რომელიც ჩვენი დახმარების პაკეტებს აქვთ და დავეხმარებით. ჩვენ გვაქვს ქირის პროექტებიც, სოციალური დახმარების სხვადასხვა პროექტებიც, რომლებსაც დააკმაყოფილებენ, თავისთავად გამგეობა დაეხმარება. ამიტომ ინდივიდუალურად უნდა შემოიტანონ განცხადებები, რომლებსაც განვიხილავთ და დავაკმაყოფილებთ. მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს ქირით დაკმაყოფილებული და ეს პროექტიც აქტიურია“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისივე თქმით, უკანონო მიწების დაკანონების პროექტი მერიას არ აქვს.
„მერიას აქვს პროგრამა, რომლითაც სამგორის რაიონში 240 ოჯახს ბინა სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადავეცით. მათ შორის ამ აქციაზეც დავინახე ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ გადავეცით ბინა. რაც შეეხება გუშინ უკანონოდ აშენებულ სახლების ნგრევას, ეს იყო მშენებარე სახლები, რომლებშიც ცხოვრობდა. 16 სახლი იყო მშენებარე კედლები და სამი იყო, სადაც მხოლოდ საძირკველი იყო გაკეთებული. ისინი იყვნენ გაფრთხილებულები, დაჯარიმებულები. ღია ცის ქვეშ არავინ არ დარჩენილა“, – განაცხადა სამხარაძემ.