სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება
სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება

ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივში, კალოუბნის ქუჩის N18-ში თბილისის მერია კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობა. კერძოდ, დასრულებულია საფუძვლისა და ხიმინჯების მოწყობა, ასევე, მიმდინარეობს მეორე სართულზე დიაფრაგმების ყალიბების მოწყობა.

პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. ამ მისამართზე სამსართულიანი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი იყო. ქირით გაყვანილი გვყავს 36 ოჯახი. ოქტომბერში დაიწყება სარემონტო სამუშაოები და ამ ადამიანებს ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. გარდა ამისა, 10 ბინა გადმოვა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, რომლებსაც გადავცემთ უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა იმყოფებოდნენ.