უკანონო ფართის მფლობელი - ლტოლვილთა სამინისტრომ გადმოგვცა 26 ათასი ლარი, დავამატეთ და ზუგდიდში ვიყიდეთ ბინა, მაგრამ რა უნდა გვექნა იქ

თბილისში, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ ერთ-ერთი უკანონო ფართის მფლობელმა, რომლის დემონტაჟიც დღეს განხორციელდა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დევნილთა სამინისტროსგან მიღებული აქვს თანხა და ბინა ჰქონდა ნაყიდი ზუგდიდში.

„ლტოლვილთა სამინისტრომ გადმოგვცა 26 ათასი ლარი, დავამატეთ და ზუგდიდის რაიონში ვიყიდეთ ბინა, მაგრამ რა უნდა გვექნა იქ, რამდენი ხანი ვიცხოვრეთ, არაფერი გამოვიდა“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

თბილისში, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ შვიდი უკანონო მშენებარე ნაგებობის დემონტაჟი დღეს განხორციელდა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ამ ადგილზე, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ ათავსებდნენ შენობა-ნაგებობებს, სხვადასხვა ქონებას ფლობენ.