კახა კალაძე - თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდათ სხვა მოქალაქეებსაც, მათ შორის ერთ-ერთი მერიის თანამშრომელია
კახა კალაძე - თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდათ სხვა მოქალაქეებსაც, მათ შორის ერთ-ერთი მერიის თანამშრომელია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა სახელმწიფო ქონებების უკანონოდ მითვისების ფაქტებზე.

მისი თქმით, თბილისის მთავრობის კანონისმიერი ვალდებულებაა, სახელმწიფო ქონებები დაიცვან მიტაცებისგან და შემდეგ იქ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან.

კალაძემ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ქონებებს ფლობენ ის მოქალაქეები, რომლებიც, მისივე განმარტებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ ათავსებდნენ შენობა-ნაგებობას.

„მოქალაქე ლ.ფ. არის დევნილის სტატუსის მქონე, 2016 წელს მას ოჯახთან ერთად სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ შეუსყიდა სახლი წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის აპრილის თვეში დაკმაყოფილებული იქნა მისი განცხადება, თბილისში, ვლადიმერ დავითაშვილის ქუჩაზე, სარგებლობაში არსებულ 696 კვადრატულ მეტრ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

ამის შემდეგ მოქალაქე ლ. ფ-მ ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი მიყიდა ლ.ჭ-ს, რომელიც სავარაუდოდ, მისი მეუღლის დისშვილია. მოქალაქე ე.ფ-ს 2012 წლიდან დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ფონიჭალაში, ასევე ფლობს ნაკვეთს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭვალერში. მისი მეუღლე ფლობს 568 კვადრატულ მეტრ მოცულობის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს თბილისში, იგოეთის ქუჩაზე.

მოქალაქე ე.პ-მ საკუთრებაში არსებული ბინა ვარკეთილის მესამე მასივში გადასცა მამას. იგი სახელმწიფოსგან 2019 წელს „სოფლად სახლის“ პროგრამით დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით სამგორში, ვარკეთილის დასახლებაში, შუამთის ქუჩაზე. ასევე, მის მეუღლეს სამგორის რაიონში რეგისტრირებული აქვს შუამთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა.

მოქალაქე გ.გ. ასევე სარგებლობს დევნილის სტატუსით, მას 2009 წელს სახელმწიფოსგან დაუკანონდა 60 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი შუამთის ქუჩაზე. დევნილი სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილი უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდათ სხვა მოქალაქეებსაც. ასევე, უნდა აღვნიშნო სამწუხარო ფაქტი, ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არავისთან მიმართებით უკან დახევას არ ვაპირებთ.

მოქალაქე ტ.წ. პირადად არ ფლობს საკუთრებას, თუმცა მისი მეუღლის სახელზე დარეგისტრირებულია ბინა ჭიათურაში, ასევე სამი დიდი მიწის ნაკვეთი, ერთი არის 1148 კვადრატული მიწა სოფელ მღვიმეში, 858 კვადრატული მიწა, ასევე 684 კვადრატული მიწა სოფელ მღვიმეში.

მოქალაქე ზ.ტ, რეგისტრირებულია თბილისში, სოფელ შინდისში, მას უფიქსირდება გასულ წელს შინდისში 600 კვადრატული მეტრი მიწის გაყიდვა. ასევე მამას აქვს გაკეთებული საჯარო რეესტრში მიმართვა წალკისში 3 000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ“, – განაცხადა კალაძემ.