საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების უწყვეტი მუშაობის შედეგად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში 40 აქტიური მინდვრის ხანძრიდან 28 კერა ლიკვიდირებულია და ორი ლოკალიზებული. დარჩენილია 10 კერა, რომლებზეც მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალიკვიდაციო სამუშაოებს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 161 მეხანძრე-მაშველის გარდა, ადგილზე მობილიზებულია თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის მეხანძრე-მაშველების 90-კაციანი ჯგუფი და 20 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა“, – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, სამეგრელოს გარდა, ეკალბარდი იწვის იმერეთსა და გურიაში. იმერეთში, სოფელ მაღლაკსა და ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ, ხოლო გურიაში – სოფელ ლესასთან, ნაგომართან და გაგურთან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ხანძრებზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან, მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და მშრალი ამინდია, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება, გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.