სამეგრელოსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე ტრენინგები გაიმართა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
პროექტი ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„ეკო-გრანტების პროგრამის“ ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის და იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში (სამტრედია, ვანი, ხონი) თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ ტრენინგები ჩატარდა.
ტრენინგის ფარგლებში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერტმა, ლაშა ციგრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა თხილის წარმოების აგროტექნოლოგიაზე, მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებებზე, მოსავლის აღებისა და შენახვის პირობებზე, მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
ტრენინგის პირველი ნაწილი ასევე დაეთმო კლიმატის ცვლილებას, მისგან გამოწვეულ რისკებს და კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობას.
ტრენინგები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათ მუნიციპალიტეტებში არის პრიორიტეტული.
ტრენინგების ფარგლებში, სულ 260-ზე მეტი ფერმერი გადამზადდა.
„ეკო-გრანტების პროგრამის“ფარგლებში, დაგეგმილია ტრენინგები და გადამზადების კურსები მეფუტკრეობის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში.