პროფესიული სასწავლებლები, რომლებმაც შრომის ინსპექციის შემოწმება გაიარეს, მუშაობას დღეიდან განაახლებენ
პროფესიული სასწავლებლები, რომლებმაც შრომის ინსპექციის შემოწმება გაიარეს, მუშაობას დღეიდან განაახლებენ

დღეიდან ნებადართული ხდება იმ პროფესიული სასწავლებლის მუშაობა, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება გაიარეს და დადებითი დასკვნა მიიღეს.

ამასთან, დღეიდან ნებადართული იქნება ყველა ტიპის ტრენინგი და კონფერენცია, მათ შორის დახურულ სივრცეებში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, არსებობს კონკრეტული პროტოკოლი, რომელიც ასეთ ტიპის ღონისძიებებზე გავრცელდება.

„რაც შეეხება მოთხოვნებს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს კონფერენცია-ტრენინგი დახურულ სივრცეში, ეს არის, რომ ყოველ ხუთ კვადრატულ მეტრზე უნდა ხდებოდეს ერთი ადამიანის დაშვება. თუ ვერ ხერხდება შესაბამისი დისტანციის დაცვა, აუცილებელი იქნება ნიღბის გამოყენება და ჯგუფური ვარჯიშისას, შესაბმისად, როდესაც ადამიანების კონცენტრირება ხდება ერთ სამუშაო სივრცეში, სახის ფარი იქნება სავალდებულო მოთხოვნა. გარდა ამისა, ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც თქვენთვის კარგად არის ცნობილი, დეზინფექცია და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება, როგორიც არის ტემპერატურის სკრინინგი და ასე შემდგომ, კვლავ რჩება ძალაში“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ტრენინგების ჩატარება ამ დრომდე მხოლოდ ღია სივრცეში იყო ნებადართული.

დატოვე კომენტარი