საზოგადოებრივი მაუწყებელი და EBU-ს რეგიონული აკადემია ტრენინგების სერიებს მართავს
საზოგადოებრივი მაუწყებელი და EBU-ს რეგიონული აკადემია ტრენინგების სერიებს მართავს

17-18 ივნისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და EBU-ს რეგიონულმა აკადემიამ პირველი არხის ბაზაზე არსებულ რეგიონულ სასწავლო ცენტრში მორიგი ტრენინგები გამართა.

სესიები მოიცავს თემებს, როგორიცაა: „ხელოვნური ინტელექტი და ყალბი ახალი ამბები“ და „ხელოვნური ინტელექტი – შესაძლებლობების გამოყენება ახალი ამბების შექმნისას“.

EBU აკადემიის ტრენერმა, მარკ ეგანმა ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტისა და ელექტრონული სწავლების მიღწევებზე და ისაუბრა, თუ როგორ უქმნის ახალი ამბების ორგანიზაციებს სულ უფრო მზარდ საფრთხეს ყალბი ინფორმაციის გავრცელება; როგორ უწყობს ხელს ტექნოლოგია ყალბი ინფორმაციის გავრცელებას და რამდენად დიდია საფრთხე. მარკ ეგანმა ასევე განიხილა ამ სფეროში მიმდინარე სიახლეები და მათი გამოყენება ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში.

ტრენინგებში მონაწილეობა 40-მდე ადამიანმა მიიღო, მათ შორის მედიის მიმართულების სტუდენტებმა, რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა. სტუდენტები იმ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებიდან შეირჩა, რომლებთანაც პირველ არხს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, მათ შორის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფორ უნივერსიტეტი.

ტრენინგები 2021 წლის მაისში დაიწყო და ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.