სამეგრელოს რეგიონში ცხრა კერაზე ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები გრძელდება
სამეგრელოს რეგიონში ცხრა კერაზე ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები გრძელდება

წალენჯიხისა და მარტვილის შემდეგ ხანძრის ახალი კერები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ყულიშკარსა და რუხში გაჩნდა.

სოფელ ყულიშკარში იწვოდა ეკალბარდები და გაველურებული ჩაის პლანტაციები. მეხანძრეებმა ხანძრის დროულად ლოკალიზება შეძლეს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ყულიშკარში იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია. მისი თქმით, ამ დროისთვის რეგიონში ხანძრის ცხრა კერაა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული არიან როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ასევე მეხანძრეები სხვა რეგიონებიდან.

„ჩვენს რეგიონში ბოლო ორი დღის განმავლობაში დაფიქსირდა ცეცხლის 96 კერა, მათგან 84 ლიკვიდირებულია, სამი ლოკალიზებული, 9 კერაზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ქრობის პროცესში ჩართულია მეხანძრე მაშველები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან. მინდა, თითოეულ მეხანძრე მაშველს  გმირული მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო. აქვე მოუწოდებთ მოსახლეობას, ქარიან ამინდში თავი შეიკავონ სასოფლო სამეურნეო სავარგულების გადაწვისგან, ეს საფრთხეს უქმნის როგორც ტყის მასივებს, ასევე საცხოვრებელ სახლებს“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.