ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაიტანა.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, პროდუქტებს დაზარალებულ ოჯახებში საგანგებო შტაბი გადაანაწილებს. პროდუქტების დარიგება სტიქიის ზონაში ორი დღეა მიმდინარეობს.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები და ათამდე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.