სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხანძრის 40 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 19 აქტიურია, 11 კერა ლიკვიდირებული, ხოლო რვაზე ლოკალიზაციის პროცესი მიმდინარეობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დღის განმავლობაში ხანძრის ათეულობით კერა იყო. ცეცხლი ეკიდა ეკალბარდებს, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძარი გადავიდა კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე. დაიწვა თხილნარებს და მოცვის პლანტაციები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია იმყოფებოდა ხანძრის ერთ-ერთ კერაზე, სადაც მან ჟურნალისტებთან არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა ხანძრის 40 შემთხვევა. მათგან აქტიურია 19. 11 კერა ლიკვიდირებულია, ხოლო რვაზე მიმდინარეობს ლოკალიზაციის პროცესი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში დაიწვა ერთი საცხოვრებელი სახლი. ხანძრების ლოკალიზებაში ჩართულია როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე გურიის, იმერეთისა და აჭარის სახანძრო-სამაშველო სამსახურები. მათი აქტიური დახმარებით ხდება ხანძრების ლოკალიზება“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
მისივე თქმით რეგიონში დღის განმავლობაში იყო პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, მაგრამ ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია.
„ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა და დააზიანა ელექტროსადენები, რის გამოც დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლებს. ამ წუთისათვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
რაც შეეხება თხილნარებს და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდა, მუნიციპალიტეტებში შეიქმნება ზარალის შემსწავლელი კომისია და დაზარალებულებს დაეხმარებიან.