სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საზღვაო რეგიონების კავშირ CPMR-ის წევრი გახდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საზღვაო რეგიონების კავშირ CPMR-ის წევრი გახდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი „საზღვაო პერიფერიული რეგიონების კონფერენციის“​ (CPMR – Conference of peripheral maritime regions) წევრი გახდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური​ ავრცელებს.

მათივე  ცნობით, „საზღვაო პერიფერიული რეგიონების კონფერენცია“​​ (CPMR) წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. „საზღვაო პერიფერიული რეგიონების კონფერენცია“​​ მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას.

„აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა 1973 წელს, რომელიც ორიენტირებულია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული მმართველობა, ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება, სამეზობლო და საზღვაო პოლიტიკა. „საზღვაო პერიფერიული რეგიონების კონფერენციას“​ დიდი წვლილი შეაქვს რეგიონული განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში. ის მუდმივად მხარს უჭერს რეგიონების როლის გაძლიერებას ევროპულ მმართველობაში“, – აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, CPMR-ი არის ევროპული ინსტიტუტების პარტნიორი და ეხმარება რეგიონებს პროექტების შემუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებაში.

„აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, რაც მოგვცემს მეტ შესაძლებლობას CPMR-ის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. გვაქვს შესაძლებლობა, ორგანიზაციის წევრი რეგიონების ხელმძღვანელობით დაფუძნებულ „ინოვაციურ პარტნიორობაში“ ჩართვის, საზღვაო საქმიანობის, ტურიზმის, სავაჭრო ურთიერთობებისა და „ლურჯი ეკონომიკის“ გაღრმავების საკითხებში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი რეგიონის კონკურენტუნარიანობას და განვითარების დონეს“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთი CPMR-ის პოლიტიკური ბიუროს სრულუფლებიანი წევრია. რეგიონის წარმომადგენლობას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეხვედრებში. წევრ რეგიონებს ასევე უფლება აქვთ, გაწევრიანდნენ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობს.

„ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ,,შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან“ (BSEC), „შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრთან“ (ICBSS) და „საზღვაო ინსტიტუტების შავი ზღვის ასოციაციასთან“ (BSAMI).

ორგანიზაციის წევრები არიან საფრანგეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ესტონეთის, უკრაინის, ბულგარეთის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების საზღვაო რეგიონები“, – აღნიშნავენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, გასული წლის ოქტომბერში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია CPMR-ის 47-ე გენერალურ ასამბლეას დაესწრო. საერთაშორისო კონფერენცია იტალიაში, კერძოდ კი პალერმოში გაიმართა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და CPMR-ის თანამშრომლობა, რასაც საბოლოოდ რეგიონის ორგანიზაციაში გაწევრიანება მოჰყვა.