სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული აცხადებს, რომ მოსალოდნელია ქარის გაძლიერება და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული აცხადებს, რომ მოსალოდნელია ქარის გაძლიერება და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია აცხადებს, რომ ძლიერმა ქარმა რეგიონში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით შექმნა.

„ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფოთის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელს ხის ნაწილი დაეცა და მრავლობითი მოტეხილობები მიიღო. ის უკვე გადაყვანილია ქუთაისში. ქარმა წააქცია მრავალწლოვანი ხეები, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა, თუმცა ყველა ფაქტზე მუნიციპალური სამსახურების რეაგირება იყო დროული და მოძრაობის აღდგენა უმოკლეს პერიოდში მოხდა“, – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

მისი თქმით, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.

„ყველა პრობლემურ ადგილზე „ენერგოპრო ჯორჯიას“ ბრიგადები მუშაობენ და აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ. სტიქიამ ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ასევე დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავიც. მუნიციპალიტეტების ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა გიორგი გუგუჩიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ამაღამ ველოდებით ქარის სიჩქარის მომატებას. პროგნოზის მიხედვით, ქარის სიჩქარე მოიმატებს ათი მეტრის სიჩქარით. მოვუწოდებ მოსახლეობას, განსაკუთრებული საჭიროების გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან“, – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.