სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო-სანებართვო პირობების ადმინისტრირების წესები იცვლება
სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო-სანებართვო პირობების ადმინისტრირების წესები იცვლება

სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო/სანებართვო პირობების ადმინისტრირების წესები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.

მთავრობა განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, განმეორებითობის შემთხვევაში, დადებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობა, ხოლო კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში, გასამმაგებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობა.

ცვლილების მიხედვით კი, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, გასამმაგებულ ოდენობასთან ერთად, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილი იქნება, მოახდინოს სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლის საქმიანობის შეჩერება, შესაბამისად, ვალდებულების მესამეჯერ შეუსრულებლობის შეთხვევაში, აღარ მოხდება გასამმაგებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობის დაკისრება.

ამასთან, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ მაკონტროლებლის მხრიდან სალიცენზიო/სანებართვო სამედიცინო საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში, სალიცენზიო/სანებართვო პირობების გამოსწორებისთვის იქნება არაუმეტეს ერთწლიანი ვადა, რა დროსაც, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სუბიექტს აღუდგება შეჩერებული სამედიცინო საქმიანობის უფლება (დამატებითი სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის გარეშე), ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაინტერესებული პირი მოახდენს ლიცენზიის/ნებართვის ხელახლა აღებასა და შესაბამისად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდას.

„მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, სამართალდარღვევის არსებობისას, ლიცენზიის/ნებართვის შეჩერების მექანიზმს. არ არსებობს ლიცენზიის/ნებართვის გაუქმებამდე არსებული შუალედური ეტაპი, რომელიც დარღვევის აღმოფხვრის ეფექტური გზა იქნება. მართალია, სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრება მისი პრევენციის მიზნითაა გათვალისწინებული, თუმცა დღეის მდგომარეობით, ეს დროში გაწელილი და ნაკლებ ეფექტური მექანიზმია, რომელსაც არ მივყავართ იმ შედეგამდე, რასაც სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტისთვის ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება ჰქვია. როგორ შეიძლება, იმ სამედიცინო დაწესებულებაში გაწეულ მომსახურებას ეფექტური უწოდო, როდესაც სტერილიზაციის ან დეზინფექციის დადგენილი წესით შეუსრულებლობისთვის ერთხელ დაკისრებული ჯარიმის მიუხედავად, კვლავ განაგრძობს საქმიანობას?! მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციულ ორგანოს, მხოლოდ სამჯერ დაჯარიმების შემდეგ შეუძლია ლიცენზიის/ნებართვის გაუქმება. მანამ სანამ ეს პროცედურები იქნება დაცული და გაუქმდება ლიცენზია/ნებართვა პაციენტების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი უფრო მატულობს. ლიცენზიის/ნებართვის პირდაპირ, გადაუდებელი შემთხვევით, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაუქმებით კი, მეწარმეს ადგება ზიანი, ისე, რომ არც კი ეძლევა საშუალება გამოასწოროს დარღვევა. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება არის ე. წ. ოქროს შუალედი პაციენტისა და მეწარმის უფლებების დასაცავად“, – აღნიშნულია კანონპროექტში.