გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ აქციას მართავენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ აქციას „რაჭა არ იყიდება“ მართავენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მოითხოვენ რაჭაში 104 712 ჰა ტყეზე 2022 წელს გაცემული ლიცენზიის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, რაჭის ტყეები 49-წლიანი იჯარით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა.
ამასთან, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პროტესტი, უკვე ერთი კვირაა, სამინისტროს წინ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მათ პროტესტს პოლიცია ხელს უშლის. გოლეთიანის განცხადებით, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს დროებითი თავშესაფრისა და გენერატორის დადგმის საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას და მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ, რატომ იქცევა პოლიცია ასე მკაცრად და რატომ გაიცა ერთ პირზე ტყის ფლობის 49-წლიანი ლიცენზია.