სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალში“ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმის შესწავლა მიმდინარეობს
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალში“ 35 წლის მადონა სუთიძის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, „ჯეო ჰოსპიტალი“ იმ საავადმყოფოებს შორის მოხვდა, რომელთა მონიტორინგიც ჯანდაცვის სამინისტრომ კომპლექსური დაიწყო.
„მცხეთის კლინიკაც გადამოწმდა. დაწერილ ოქმებს შორის მოხვდა მცხეთის კლინიკაც. ამ შემთხვევაში, პირველადი ინფორმაციით, ექიმის საქმიანობასთან იკვეთება დარღვევები, იკვეთება გარკვეული მანიპულაციების არასწორად ჩატარება, ამ შემთხვევაში ეს ეხება მადონა სუთიძის საქმეს”, – განაცხადა რეგულირების სააგენტოს უფროსმა ზაალ კაპანაძემ.
რამდენიმე დღის წინ მცხეთაში, „ჯეო ჰოსპიტალში“ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ.
მათი თქმით, მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალში“ პაციენტი ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გართულების გამო შეიყვანეს და მისთვის მეორე ოპერაციის გაკეთება იგეგმებოდა.
ნათესავების ინფორმაციით, მათ ორი დღის განმავლობაში პაციენტის შესახებ სრული ინფორმაცია არ ჰქონდათ, მოგვიანებით კი, სხვა პაციენტებისგან შეიტყვეს, რომ მადონა სუთიძეს სახის არეში მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა მიყენებული.