მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის დაწესებულებების შემოწმება წელიწადში სამჯერ იქნება შესაძლებელი
მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის დაწესებულებების შემოწმება წელიწადში სამჯერ იქნება შესაძლებელი

მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის დაწესებულებების კონტროლის მიზნით, წლის განმავლობაში ერთხელ შემოწმების უფლებამოსილება სამჯერ შემოწმების უფლებით იზრდება.

შესაბამისი ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პროექტი საზღვრავს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლის ვალდებულებას, ყოველწლიურად, პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარუდგინონ ინფორმაცია – შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგება.

ცვლილების თანახმად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილი იქნება, შეაჩეროს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის უფლება, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე. თუმცა, მთავრობა განმარტავს, რომ მაკონტროლებლის მხრიდან, კონკრეტულად საქმიანობის შეჩერების ფაქტი არ იქნება დაკავშირებული ფინანსურ სანქციებთან.

პროექტში ნათქვამია, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს მასალები, საბუთები, ახსნა-განმარტება და ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება მაკონტროლებელ ორგანოს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.​