ამირან გამყრელიძე - უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული მზადების სისტემა სამედიცინო პრაქტიკაში უნდა იყოს სავალდებულო
ამირან გამყრელიძე - უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული მზადების სისტემა სამედიცინო პრაქტიკაში უნდა იყოს სავალდებულო

მედიცინაში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ამიტომ, თუ სამედიცინო მუშაკი მუდმივად არ სწავლობს და არ გადის ე.წ. პროფესიულ უწყევეტ დახელოვნებას, ისე მისი მომზადების ხარისხი თანდათან ქვევით იწევს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული მზადების სისტემა სამედიცინო პრაქტიკაში უნდა იყოს სავალდებულო.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში სხვა ქვეყნებთან შედარებით სიტუაცია შედარებით მშვიდია COVID19-თან დაკავშირებით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და სერიოზულად უნდა მოემზადოს ჯანდაცვის სექტორი. თუ მეორე ტალღა იქნება თითოეული სექტორიც გეგმას ამზადებს, მათ შორის, ჯანდაცვის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სექტორი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ჩვენთან ამ პროგრამაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, თუ როგორი უნდა გვქონდეს მზადყოფნის რეჟიმი და ეს უნდა იყოს ბევრად უკეთესი ვიდრე გვქონდა იანვარში ან თებერვალში. ამიტომ, აქ, ერთ-ერთი მთავარი არის სწორედ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის უკეთესი მომზადება და განსაკუთრებით ინფექციის კონტროლთან დაკავშირებული საკითხები.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულმა სამედიცინო პერსონალმა გადამზადების ბევრი ეტაპი გაიარა, სწორედ სამედიცინო პერსონალში 13%-დან 15%-მდე მაინც დაფიქსირდა ახალი კორონავირუსის შემთხვევა. ამიტომ, მუდმივი სწავლა აუცილებელია, რის საშუალებასაც იძლევა შვედეთის მთავრობისა და გაერო-ს განვითარების ფონდის მიერ მოწოდებული გრანტი სამედიცინო ჯანდაცვის სისტემისთვის. პროგრამის განმახორციელებელი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იქნება და მის ფარგლებში სამომავლოდ დაახლოებით 4 000-მდე სამედიცინო მუშაკი გადამზადდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.