სამედიცინო დაწესებულებებისთვის სტანდარტების აკრედიტაცია, სამედიცინო აღჭურვილობისა და სახარჯი მასალების რეგულირება სავალდებულო ხდება
2025 წლის პირველი იანვრიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდება. 2023 წელს კი პარლამენტს სახარჯი მასალებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირების კანონპროექტი წარედგინება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.
„საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის იქნება სავალდებულო. საუბარია მომსახურების ხარისხის, პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე. სამედიცინო დაწესებულებები ინდივიდუალურად შეძლებენ, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ, აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებს შორის, უკვე დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ინდივიდუალურად გააკეთონ არჩევანი.
აღნიშნული სიახლე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ადამიამ წარუდგინა.
ღონისძიებას ესწრებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი. მისი განცხადებით, პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს, ამიტომ 2023 წელს სამედიცინო დაწესებულებებს აკრედიტაციის გამცემ კომპანიასთან კონტრაქტი უნდა ჰქონდეთ გაფორმებული, ასევე დასრულებული უნდა იყოს თვითშეფასების ეტაპიც.
ეკატერინე ადამიამ პრეზენტაციაზე სახარჯი მასალებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირების რეფორმაზეც ისაუბრა.
როგორც საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის, ისე სამედიცინო აღჭურვილობისა და სახარჯი მასალების რეგულირების დოკუმენტების მომზადებაში აქტიურად იქნებიან ჩართულები ადგილობრივი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია, ილია ღუდუშაური, თამილა ბარკალაია, ასევე სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.