სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ხვალიდან ამოქმედდება
სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ხვალიდან ამოქმედდება

სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ხვალიდან ამოქმედდება. რეგულაცია შეეხება კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას. ახალი წესები იმ კლინიკებზე ვრცელდება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული.

ხვალიდან ჯანდაცვის სერვისების მიწოდება კლინიკებს სწორედ იმ ტარიფებით მოუწევთ, რაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვრა.

კერძო სამედიცინო კლინიკებისა და დეპუტატების ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის აღნიშნული ნაწილი არ გადავადდა.

საკითხზე დღეს პარლამენტში კლინიკების წარმომადგენლები, ჯანდაცვის კომიტეტის წევრები და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.  შეხვედრას ბიზნესომბუდსმენიც ესწრებოდა.

ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია კერძო სექტორისგან კომუნიკაციის ნაკლებობას ეხებოდა, სამედიცინო სფეროს სპეციალისტების თქმით,  ახალი ტარიფები მათთან კონსულტაციების გარეშე დადგინდა, რაც დაუშვებელია. საპასუხოდ, ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სერვისების ნაწილზე ტარიფები ჯერ კიდევ დასადგენია და მისი განხილვა ამჯერად კერძო სექტორთან აქტიური კონსულტაციით წარიმართება.

სამედიცინო დაწესებულებებში განმარტავენ, რომ სამინისტროს მიერ დაწესებული ტარიფებით რისკის ქვეშ დგება მიწოდებული სერვისის ხარისხი და დასაქმებული პერსონალის ანაზღაურება. მათი განცხადებით, ტარიფიკაციის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ კონსენსუსი უნდა მოიძებნოს. სამინისტროს მიერ დაწესებული ტარიფების გამო, მათი თქმით, ბევრი ექიმი, რომელსაც უკვე აქვს შეთავაზება, სამუშაოდ უცხოეთში წავა. ასევე მოსალოდნელია კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტების გადინება ქვეყნის გარეთ, რადგან სამინისტროს მიერ დაწესებული დაბალი ფასების პირობებში საქართველოში ისინი ხარისხიან მომსახურებას ვერ მიიღებენ.

რეგულაციის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც, თუმცა კომუნიკაციის ნაკლებობაზე აკაკი ზოიძემ ისაუბრა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა.

11 ნოემბერს კლინიკების ნაწილმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების გადავადებას ითხოვდნენ. მათი შეფასებით, ეს დრო საჭიროა, რათა მოხდეს საკითხის ფართო განხილვა და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს.

ღია წერილის ხელმომწერები აცხადებენ, რომ 2013 წელთან შედარებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულება გაზრდილია, ხოლო ანტიბიოტიკებზე ფასები იმავე პერიოდში 76 პროცენტითაა მომატებული. წერილს ერთვის გრაფიკები, სადაც ნაჩვენებია სისხლისა და სისხლის კომპონენტების ღირებულების ზრდის დინამიკა 2012 წლიდან დღემდე. მატება 40-დან 130 პროცენტს აღწევს. იქვე მოცემულია ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ოპერაციის ღირებულების ფასების დინამიკა. მაგალითად, კორონარული არტერიის შუნტირების ღირებულება 4029 დოლარია, რაც დღევანდელი კურსით, 11925 ლარს შეადგენს. მთავრობის დადგენილებით კი, ამ ოპერაციის ფასი 8500 ლარად (ანუ 2871 დოლარი) განისაზღვრა.

ღია წერილში ასევე ნათქვამია, რომ კლინიკებს უმძიმეს ტვირთად აწევთ საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან თანხების დაგვიანებით (პრაქტიკულად 5-6 თვე) მიღება.

ხელმომწერები აცხადებენ, რომ ტარიფების შემცირებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მსხვილ ქალაქებში ინტენსიურის საწოლების რაოდენობის კლება და პაციენტების მკურნალობის ხარისხის მკვეთრად გაუარესება.