რეგულირების სააგენტო „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მსურველ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს
რეგულირების სააგენტო „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მსურველ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იმ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვა სურთ.

როგორც სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე განმარტავს, მოწმდება, რამდენად აკმაყოფილებს სტაციონარული დაწესებულება იმ პირობებს, რომლითაც მოსახლეობის უსაფრთხო ვაქცინაციაა შესაძლებელი.

„რეგულირების სააგენტო სისტემატურად ამოწმებს იმ დაწესებულებებს, სადაც ვაქცინაცია ტარდება. ამასთან, მოგეხსენებათ, მუდმივად ხდება იმ დაწესებულებების რაოდენობის გაფართოება, რომლებიც ერთვებიან იმუნიზაციის პროცესში. სააგენტო კი აკონტროლებს და მონიტორინგს ახორციელებს, რომ ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხოდ და შესაბამის გარემოში წარიმართოს“, – განმარტავს ზაალ კაპანაძე.

ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინით იმუნიზაციის ჩასატარებლად საქართველოს მასშტაბით პირობები შემოწმდა 14 სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის ოთხ  დაწესებულებას უარი ეთქვა იმუნიზაციის ჩატარებაზე, ხოლო ათმა დააკმაყოფილა შესაბამისი პირობები და მიეცა ვაქცინაციის უფლება. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, შემოწმდა 14 სამედიცინო დაწესებულება, მათგან უარი ეთქვა ორს, ხოლო 12 დაწესებულებას მიეცა იმუნიზაციის ჩატარების უფლება.