სამედიცინო დაწესებულებების მისამართები, სადაც წითელას ვაქცინაცია უფასოდ ტარდება
სამედიცინო დაწესებულებების მისამართები, სადაც წითელას ვაქცინაცია უფასოდ ტარდება

წითელას შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც, წითელას ვაქციანაციაზე ყველა პირის დაფინანსებას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინაცია ყველა ჯგუფისთვის უფასოა.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მოსახლოებას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ შეუქმნან ბარიერები, რათა რისკჯგუფში შემავალ პირთათვის აცრების ჩატარება მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს. მინისტრის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებები შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ მოქალაქეების მომსახურებას წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

„წითელას აცრებთან დაკავშირებით შაბათ-კვირას, როგორც დედაქალაქში, ასევე რაიონებში იმუშავებენ სამედიცინო დაწესებულებები. აცრების ჩატარება მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც რაიმე მიზეზის გამო თავის დროზე ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია. ეს არის ეფექტური, მძლავრი ნაბიჯი იმისთვის, რომ წითელას ეპიდაფეთქება, რომელიც ახლა გვაქვს, შევაჩეროთ დროულად დანაკარგების გარეშე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თუ ვინმეს, განსაკუთრებით, 20-40 წლის ასაკის მოქალაქეს, არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ჩატარებულ გეგმურ ვაქცინაციაზე, აუცილებელია, გაიკეთოს დამატებითი ვაქცინაცია. აცრა უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოქალაქეს ახსოვს, რომ თითქოს გაიკეთა აცრა, რადგან ვაქცინაციის განმეორებით ჩატარება მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის.

ამ დრომდე, წითელას ვაქცინაცია ბავშვებისა და 20-40 წლამდე ასაკის პირებისთვის ფინანსდებოდა, ახლა კი ყველა ჯგუფისთვის უფასოა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრა წარმოებს ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებული, უმაღლესი ხარისხის სამკომპონენტიანი წითელა-წითურა-ყბაყურას ​ვაქცინებით, რომლებიც წარმოებულია ბელგიასა და აშშ-ში კომპანიების – „გლაქსო სმიტკლაინისა“ და „მერკის“ მიერ.

წითელაზე აცრის ჩატარება შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის ყველა დაწესებულებაში. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს დამატებით იმ სამედიცინო დაწესებულებების მისამართებს, რომლებსაც აცრის გაკეთების მსურველებმა უნდა მიმართონ.