სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ პაციენტის გარდაცვალებას ხმაური და ექიმებთან დაპირისპირება მოჰყვა
საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედთან“. პოლიცია საავადმყოფოს ადმინისტრაციამ გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლებთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გამოიძახა.
გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცის ახლობლებს პრეტენზიები საავადმყოფოს ექიმებთან ჰქონდათ.
მამაკაცი სამედიცინო ცენტრში დღეს დილით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მიიყვანა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ექიმებმა ის კლინიკაში კუჭთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოზით დააწვინეს, რამდენიმე საათში კი მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც პირველ არხს სამედიცინო ცენტრის რეანიმაციული განყოფილების უფროსმა, დავით ყაზაიშვილმა განუცხადა, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა.
„რომ შემოიყვანეს, ნაწლავის თრომბოზზე გვქონდა ეჭვი. ამ დიაგნოზით დავტოვეთ კლინიკაში. რაღაც მომენტში დასტაბილურდა მდგომარეობა, მაგრამ მერე ისევ გაუარესდა. გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა“, – აღნიშნა ყაზაიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.