„გორმედმა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დამატებითი საწოლფონდი გამოყო
„გორმედმა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დამატებითი საწოლფონდი გამოყო

სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ კლინიკური მენეჯერის, ხათუნა შრუბის განცხადებით, „გორმედმა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დამატებითი საწოლფონდი გამოყო. მისი თქმით, გორის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ხაშურის კლინიკის პარალელურად, კოვიდპაციენტების სტაციონარულ მართვაში ჩაერთო „გორმედის” ქსელის ქარელის ცენტრალური საავადმყოფოც.

„სამედიცინო ქსელ „გორმედს“, გორის, ხაშურისა და ქარელის კოვიდკლინიკებში 247 სტაციონარული პაციენტის მართვა შეუძლია. გორში – 111, ხაშურში – 86, ქარელში – 50. ამ დროისთვის კოვიდკლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 236 სტაციონარული პაციენტია მოთავსებული და იგეგმება კიდევ რამდენიმეს გადმოყვანა. 13-ის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. კოვიდის მართვის პარალელურად, „გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკა მკაცრი ზონირების დაცვით ახორციელებს სხვა გადაუდებელი პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიული თუ სტაციონარული სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. სამედიცინო ქსელი „გორმედი” ყოველდღიურად 350-მდე პაციენტს მართავს, აქედან ორი მესამედი კოვიდინფიცირებულია. რაც შეეხება ერთი თვის სტატისტიკას, 611 კოვიდინფიცირებული პაციენტის მართვა მოხდა, საიდანაც 345 უკვე გამოჯანმრთელდა. პარალელურად, ფუნქციონირებს ონლაინ კლინიკა, სადაც რვა ოჯახის ექიმი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამის განმავლობაში 470-მდე პაციენტს უწევს კონსულტაციას“, – განაცხადა ხათუნა შრუბმა.

ამასთან, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ გულედანის თქმით, რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 45 ადამიანი. მისი თქმით, თვითიზოლაცია მოეხსნა 132 პირს, სულ რეგიონში 2 867 პირია ინფიცირებული, მათ შორის – 1 123 პაციენტი მკურნალობას სახლში გადის, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 1 967 პირი.