სამების საკათედრო ტაძარში გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს [ფოტო]
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
სამოქალაქო პანაშვიდი ტაძარში 26 მაისამდე გაგრძელდება, 26 მაისს კი, გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად, ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.