„სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ შეფასებებსა და რეკომენდაციებს აქვეყნებენ
„სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ შეფასებებსა და რეკომენდაციებს აქვეყნებენ

„სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ძირითადად ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ შეფასებებსა და რეკომენდაციებს აქვეყნებენ.

„2021 წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელთა მიზანიც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება იყო. სამუშაო პროცესი რამდენიმე თვეს გაგრძელდა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში, ასევე, აისახა პოლიტიკურ პარტიებს შორის 2021 წლის 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებებიც.

„სამართლიანი არჩევნების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აზრით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს უფრო სამართლიანად და უკეთესად აწესრიგებს, თუმცა, კანონში არ აისახა გარკვეული თემები, რომელთა შეცვლაც აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის და სხვა რეგულაციების გასაუმჯობესებლად.

ამასთანავე, მიღებული ცვლილებები დიდწილად უახლოესი არჩევნების ჩატარებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს აწესრიგებს და ვერ უზრუნველყოფს სტაბილური, მდგრადი საარჩევნო კანონმდებლობის ჩამოყალიბებას, რაც კიდევ ერთხელ ავლენს საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტური რეფორმის გაგრძელების საჭიროებას. მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

სამივე დონეზე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი შედარებით უფრო სამართლიანი გახდა. გაიზარდა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა რაოდენობა და თითო პარტია მხოლოდ ერთ წევრს დანიშნავს. ცესკოს პროფესიული წევრების სრული ვადით (5 წლით) არჩევას უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, დასჭირდება პარლამენტის ⅔-ის თანხმობა.

მუნიციპალიტეტების საკრებულოების დაკომპლექტებისას შემცირდა საარჩევნო ბარიერი და გაიზარდა პროპორციულად არჩეულ საკრებულოს წევრთა წილი, შესაბამისად, ცვლილებები უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში უფრო პროპორციულ ასახვას; საკრებულოს მაჟორიტარად პირველივე ტურში ასარჩევად საჭირო გახდა ამომრჩევლის მინიმუმ 40%-ის მხარდაჭერის მოპოვება.

აიკრძალა საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა კენჭისყრის დღის შემდგომ დღეებში; საოლქო საარჩევნო კომისიას აეკრძალა ოქმში შესწორების შეტანა ბიულეტენების გადათვლის გარეშე; სავალდებულო წესით კომისიები გადაითვლიან საარჩევნო უბნების 10%-ს.

სამუშაო საათებში აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვა გაფართოვდა და ის ყველა საჯარო მოსამსახურეს შეეხება, აგრეთვე ის გავრცელდა სკოლამდელ და ზოგად საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებზეც.

ზემდგომ საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარსადგენად ჩამოყალიბდება უფლებამოსილი პირების სპეციალური ბაზა და საჩივრის წარდგენა ელექტრონულადაც იქნება შესაძლებელი; ასევე, გაიზარდა გასაჩივრების და საჩივრების/სარჩელების განხილვის გარკვეული ვადები.

უარყოფითად უნდა შეფასდეს შემდეგი ცვლილებები:

2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე იმოქმედებს ცესკოს პროფესიული წევრების (მათ შორის თავმჯდომარის) დანიშვნის განსხვავებული წესი. კერძოდ, შეცვლილია ამ პროცესში ჩადებულ ე.წ. პოლიტიკური ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი: პროფესიული წევრის 2/3-ით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მას პარლამენტის 3/5 ამტკიცებს, ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა ყოფილიყო. თუმცა, 2021 წლის არჩევნებამდე 4 კვირიანი ვადა შემცირდა 1 კვირამდე, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა პარტიებს შორის კომპრომისის მიღწევის სივრცეს და საპარლამენტო უმრავლესობას, ფაქტობრივად, საშუალებას მისცა ოპოზიციის თანხმობის გარეშე, მარტივად აერჩია მისთვის მისაღები კანდიდატები.

აგრეთვე დროებით იმოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ 9-ზე მეტი პარტია გადალახავს საპარლამენტო საარჩევნო ბარიერს საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭება იმ პარტიას, რომელსაც მეტი სახელმწიფო დაფინანსება ეკუთვნის, განსხვავებით ზოგადი წესისა, როდესაც უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც მეტი ხმა მიიღო არჩევნებზე. ამ დროებითმა წესმა შექმნა შესაძლებლობა, რომ ბლოკის შემადგენლობაში შესულ ერთზე მეტ პარტიას მიეღო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება, ხოლო არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე ბარიერგადალახული პარტია საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის დანიშვნის უფლება გაუუქმდა.

პარტია კარგავს საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლებას, თუ მის მიერ გაყვანილმა ყველა პარლამენტარმა, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და სხვა პარტიაში გაწევრიანდა. ასეთ შემთხვევაში, ახალ პარტიას გადაეცემა კომისიის წევრების დანიშვნის უფლება. ეს ჩანაწერი პირდაპირ მოერგო  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ შემთხვევას, შედეგად, პარტიამ დაკარგა საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლება და ის „ევროპელ სოციალისტებს“ გადაეცა. ეს პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით პარლამენტში შესულმა წევრებმა დააფუძნეს.

საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის დღეს, პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს აღარ ექნებათ უფლება შეასრულონ ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქცია, რაც კომისიის წევრებს არათანაბარ პირობებში აყენებს, ასევე, ამ შეზღუდვამ, შესაძლოა, საარჩევნო პროცედურების ჯეროვან აღსრულებას ხელი შეუშალოს“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ ერთობლივ შეფასებებსა და რეკომენდაციებში.

დატოვე კომენტარი