სალომე ზურაბიშვილი - საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს ვეტოს დავადებ 
სალომე ზურაბიშვილი - საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს ვეტოს დავადებ 

საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნა, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს.

„როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.

შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი გუშინ დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც აეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში. რაზეც მოგვიანებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ირაკლი კობახიძის ერთი მარტივი ხუმრობით ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ზუსტად ნახევარ საათში ჩამოიშალნენ“.