პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებზე მსჯელობა დაჩქარებული წესით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 74 დეპუტატმა, წინააღმდეგ 22 წავიდა.

ცვლილებების შინაარსს ოპოზიცია აკრიტიკებს. ისინი ახალ აკრძალვებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას ხედავენ. მათ საპასუხოდ მმართველმა გუნდმა განმარტა, რომ ცვლილებების მიზანია უსაფრთხოების დაცვა და რისკების გამორიცხვა.

რაც შეეხება ცვლილებებს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც აეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადება დასახელდა.