სალომე ზურაბიშვილი - სამწუხაროდ, გაჩნდნენ გაუგონარი, ანტიევროპული ჯგუფები და გამოთქმები, რომლებიც ალბათ საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და ალბათ არც უნდა არსებობდნენ, თუმცა ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება
სალომე ზურაბიშვილი - სამწუხაროდ, გაჩნდნენ გაუგონარი, ანტიევროპული ჯგუფები და გამოთქმები, რომლებიც ალბათ საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და ალბათ არც უნდა არსებობდნენ, თუმცა ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება

მიხარია, რომ დადგა დღე, როდესაც შეგვიძლია, სათანადოდ გავიხსენოთ მიხეილ მუსხელიშვილი. ჩვენს ისტორიაში არსებობს საკმაოდ ბევრი ფიგურა, რომლებიც მივიწყებას მიეცნენ. პირველ რიგში, ახალგაზრდებს ვეუბნები, არ შეიძლება, მიხეილ მუსხელიშვილი არ გავიხსენოთ იმ წელს, როდესაც ჩვენ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც ალბათ ვერც კი დავაფასეთ, რას ნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიხეილ მუსხელიშვილის (მიშელ მუსხელის) დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენი მიხეილ მუსხელიშვილის ძმის შვილისშვილს, ვახტანგ მუსხელიშვილს გადასცა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს ძალიან გვაკლია სამაგალითო პიროვნებები. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული პერსპექტივის მონიჭებით, გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა, რაზეც ალბათ მიხეილ მუსხელიშვილი ოცნებობდა.

ამავდროულად, პრეზიდენტის განმარტებით, ევროპული პერსპექტივის მონიჭების წელს, სამწუხაროდ, საქართველოში გამოჩნდნენ ანტიევროპული ჯგუფები და გაჩნდა გაუგონარი გამოთქმები.

„ძალიან მიხარია, რომ დადგა დღე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, სათანადოდ გავიხსენოთ მიხეილ მუსხელიშვილი. ჩვენს ისტორიაში არსებობს საკმაოდ ბევრი ფიგურა, რომლებიც მივიწყებას მიეცნენ. არ ვიცი, ჩვენ რატომ არ ვაძლევთ ყველა ამ პიროვნებას ისტორიაში იმ ადგილს, რომელიც მათ უდავოდ ეკუთვნით. პირველ რიგში, ახალგაზრდებს ვეუბნები, არ შეიძლება, მიხეილ მუსხელიშვილი არ გავიხსენოთ იმ წელს, როდესაც ჩვენ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც ალბათ ვერც კი დავაფასეთ, რას ნიშნავს. ჩვენ გვჭირდება და ძალიან გვაკლია დღეს სამაგალითო პიროვნებები. ეს არის ალბათ დღევანდელი დღის ყველაზე რთული მოცემულობა. იმისთვის, რომ ახალი თაობა გაიზარდოს, ის უნდა უყურებდეს სწორედ ასეთ მაგალითებს, ეს უნდა იყოს მისი საზრდო. მიხეილ მუსხელიშვილი ნამდვილად ასეთი პიროვნებაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც. მან დაწერა პირველი ევროპული კონსტიტუცია. ქართველი უნდა ყოფილიყო, რომ დაეწერა პირველი ევროპული კონსტიტუცია. მართალია, ეს იყო ფედერალური კონსტიტუცია და ამდენად, შემდგომ ის არ აისახა – სხვადასხვა ქვეყანამ, რომლებიც პირველი ევროკავშირის შემადგენლები იყვნენ, სხვანაირად გადაწყვიტეს, სხვა კონსტიტუციური წყობისკენ წავიდნენ, მაგრამ გაერთიანებული ევროპის, გაერთიანებული ევროპული სივრცის, გაერთიანებული საგანმანათლებლო სივრცის აზრი და იდეა მას ეკუთვნის.

თვითონ ემიგრაციაში 1921 წელს წავიდა, მაგრამ მანამდე, სხვა ბევრი სტუდენტის მსგავსად, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ევროპის უნივერსიტეტებში გააგზავნა, მან ისწავლა გერმანიასა და საფრანგეთში, შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და როგორც ბევრი სხვა, 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა. ამის შემდეგ ცხოვრობდა და ასწავლიდა საფრანგეთსა და გერმანიაში, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა სამ მთავარ იდეას – სამართალს, ევროპას და საქართველოს. ეს ყველაფერი ერთად მის მოღვაწეობას აძლევს გამორჩეულ ელფერს, რაც ალბათ დასაფიქრებელია, რომ ეს სწორედ ის სამი მიმართულებაა, რომელიც ჩვენთვის დღესაც აუცილებელია.

ჩვენ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა და ახლა უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს, გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ამით ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა, რაზეც ალბათ ოცნებობდა მიხეილ მუსხელიშვილი. სამწუხაროდ, ეს ის წელია, როდესაც საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური გამოთქმები და ჯგუფები, რომლებიც ალბათ საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია საქართველოში და ალბათ არც უნდა არსებობდნენ, თუმცა ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება.

ძალიან სამწუხაროა, რომ გვესმის ისეთი აქცენტები, რომლებიც მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა ადრე. ევროპული იდეა, რომლის მატარებელი იყო მიხეილ მუსხელიშვილი, მისთვის დაკავშირებული იყო განუყოფელ საქართველოსთან. ამიტომ დააარსა მან 70 წლის წინ, 1952 წელს ქართულ-ევროპული მოძრაობა. ესეც ასევე იყო მისი ერთ-ერთი ოცნება, თუ როგორი უნდა ყოფილიყო და სად უნდა ყოფილიყო საქართველო. ეს ოცნება აერთიანებდა იმ დროს მთლიანად ემიგრაციას და ალბათ საქართველოს იმ ნაწილს, რომელიც იმ დროისთვის ამ ოცნებას საჯაროდ ვერ იზიარებდა. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, საჯაროდ გავიზიაროთ ეს არა მხოლოდ როგორც ოცნება, არამედ უკვე როგორც უახლოესი მომავალი. ყველა დამეთანხმებით, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ძალიან დიდი დანაშაული იქნება ამ ქვეყნის მიმართ და იმ ხალხის მიმართ, რომლებმაც დროზე ადრე ეს გაიაზრეს, მოიფიქრეს და ამისთვის იღწვოდნენ. კიდევ ერთხელ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა საშუალება, ჯილდო გადავცე სწორედ მიხეილ მუსხელიშვილს, რომ მისი ღვაწლი ჩვენს ევროპელობაში ერთხელ და სამუდამოდ აღიარებული და ცნობილი იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.