სალომე სამადაშვილი - ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს
ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
ამასთან, კითხვას – შესაძლებელია თუ არა, შეთავაზების შემთხვევაში, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში თავად გახდეს მაჟორიტარობის კანდიდატი და შესაბამისად, ზურაბ ჯაფარიძის კონკურენტი, სამადაშვილი ასე პასუხობს:
„თუ გადაწყვეტილებას გადავხედავთ, ზოგადად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს აქვს პრობლემა შესაბამისი კადრების მოძებნის.
სხვა პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვეშინია არც შეცდომის აღიარება და თუ შეცდომას ვუშვებთ, არც ჩვენი გადაწყვეტილების გადახედვა“, – განაცხადა სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილმა „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ერთ-ერთ განცხადებაზე საუბრისას დღეს აღნიშნა: „ზურაბ ჯაფარიძემ დაუშვა შეცდომა, უპრიანი იქნება, მიმართოს ჩვენს ამომრჩეველს და გნებავთ, ბოდიში მოიხადოს“.
ამ განცხადების პასუხად, გირჩის ლიდერმა განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
„მე რაც ვთქვი იყო ის, რომ სალომე სამადაშვილმა საკითხი ისე დააყენა, თითქოს მე სიმართლის საუბარს თავი უნდა დავანებო, თუ მე მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხმები მივიღო. ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები, ამ პოზიციაზე ვარ დღესაც და არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი, რადგან ბოდიში არაფერზე მაქვს მოსახდელი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.