სალომე სამადაშვილი - ზურაბ ჯაფარიძემ დაუშვა შეცდომა, უპრიანი იქნება, მიმართოს ჩვენს ამომრჩეველს და გნებავთ, ბოდიში მოიხადოს
სალომე სამადაშვილი - ზურაბ ჯაფარიძემ დაუშვა შეცდომა, უპრიანი იქნება, მიმართოს ჩვენს ამომრჩეველს და გნებავთ, ბოდიში მოიხადოს

ზურაბ ჯაფარიძემ დაუშვა შეცდომა, უპრიანი იქნება, მიმართოს ჩვენს ამომრჩეველს და გნებავთ, ბოდიში მოიხადოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა „გირჩის“ ლიდერის ერთ-ერთ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„საზოგადოებამ იცის, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში, დიდ ოლქებში მხარი დაუჭირა ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ნაცვლად, ორი ფრონტი გახსნას და ძალიან ხშირად თავს ესხმის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერებს.

მაგრამ ჩვენ არ ვპასუხობთ თავდასხმებს მიხეილ სააკაშვილზე, ჩვენი პარტიის სხვა ლიდერებზე და გვინდა ვთქვათ, რომ არსებობს წითელი ხაზი და ეს წითელი ხაზი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის ასობით ათასი მხარდამჭერი, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ არის არც მიხეილ სააკაშვილი, არც ნიკა მელია, არც გრიგოლ ვაშაძე და არც მე. ჩვენი პარტია არის ის ასობით ათასი ადამიანი, რომელიც მრავალი წელია, ჩვენ მხარს გვიჭერს და ის უამრავი ადამიანი, რომელიც გვიერთდება ყოველდღიურად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, ამ ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას პარტია ვერ მოითმენს.

„ვერ დავხუჭავთ ამაზე თვალს. ამიტომ, ჩვენ გვინდა, დღეს მივმართოთ „გირჩის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც არის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკეთა რამდენიმე დღის წინ, რომ მისთვის არ არის საინტერესო, რას ფიქრობენ ჩვენი ამომრჩევლები, ენმ-ს მხარდამჭერები და არ არის მისთვის მნიშვნელოვანი ამ ხალხის აზრი და მათი ხმა. ჩვენ ვფიქრობთ, ეს იყო შეცდომა და თუ ბატონი ჯაფარიძე ასევე ფიქრობს, რომ ეს პრინციპში, იყო შეცდომა, ვფიქრობთ, უპრიანი და მნიშვნელოვანი იქნება, რომ მან თავად მიმართოს ჩვენს ამომრჩეველს, მიმართოს ენმ-ს მხარდამჭერებს და შესაბამისად, განმარტოს თავისი პოზიცია, თუ გნებავთ, ბოდიში მოიხადოს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემაა. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მან პირადად მიმართოს ენმ-ს მხარდამჭერებს, დაარწმუნოს ისინი იმაში, რომ შეცდა და რეალურად, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ ხალხის აზრი, ამ ხალხის პოზიცია.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მაქსიმალურად სურს, გაერთიანებულმა ოპოზიციურმა ფრონტმა ვიბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. არსებობს ერთადერთი დაბრკოლება და ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული პოლიტიკური რეჟიმი. ეს რეჟიმი უნდა დავასრულოთ რამდენიმე კვირაში, ახლა არ არის დაპირისპირების დრო და ძალიან დიდი შეცდომაა თავდასხმა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის არა ლიდერებზე, არამედ მხარდამჭერებზე. ბატონ ჯაფარიძეს თუ მიაჩნია ეს შეცდომად, უპრიანი იქნება, თავად მიმართოს ამომრჩეველს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, მან უპასუხა ჟურნალისტებს კითხვაზე, ჯაფარიძე ასე თუ გააგრძელებს, ეყოლება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდუბეში მაჟორიტარობის კანდიდატი.

„ჩვენი პოზიცია უკვე გითხარით. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს არა მხოლოდ პარტია „გირჩის“ ლიდერი ბატონი ჯაფარიძე, არამედ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ამ მაჟორიტარულ ოლქში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი ვოლსკი, რომელიც არის განსახიერება ყველანაირი სიბოროტის, რაც დღევანდელ პოლიტიკურ რეჟიმს აქვს, ყოფილი ცეკა-ს ინსტრუქტორი, უპრინციპო ადამიანი დამარცხდეს ამ მაჟორიტარულ ოლქში, ამას აქვს უზრმაზარი პოლიტიკური მნიშვნელობა და ბატონმა ჯაფარიძემ, რომელმაც აიღო საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა, როდესაც დადგა ერთიანი ოპოზიციის კანდიდატად, დღეს უნდა განმარტოს საკუთარი პოზიცია. ეს იქნება სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დატოვე კომენტარი