ირაკლი ქადაგიშვილი – ევროპის თითქმის ყველა წამყვან სახელმწიფოში აქციებია, ევროკავშირმა ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და არა იმაზე, რამენაირად საქართველოზე მორიგი შეტევა განახორციელოს

16:40, 16.11.2026

მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში პროტესტის და გამოხატვის თავისუფლება ხელშეუხებელია, მაგრამ როდესაც ის ბრუტალურ ფორმებში გადადის, მას შესაბამისი საპოლიციო ძალა უპირისპირდება, რომ აღკვეთილი იყოს ასეთი მოვლენების უკონტროლოდ გავრცელება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთისთვის მიუღებელი იყო საქართველოში სახელმწიფოს მიერ კანონიერი პასუხი, მაგრამ როცა ქაოსის საშიშროება თავის ქვეყანაზე იწვნიეს, ამბობენ, ქაოსის აღსაკვეთად ძალა უნდა იყოს გამოყენებული.

„ვნახეთ, რომ ბევრ ქვეყანაში ფოირვერკის გაყიდვაც კი აიკრძალა. როდესაც სხვაგან გინდა, ქარიშხალი დათესო, საბოლოო ჯამში, საკუთარ ქვეყანაში მიიღებ. ეს სურათია ევროპაში. სურათი იქ გაცილებით მძიმე და ღრმაა, ვიდრე ამათუ იმ დემონსტრაციის ბრუტალური ხასიათი და დაპირისპირება. რამ გამოიწვია მრავალრიცხოვანი აქციები ევროპის თითქმის ყველა წამყვან სახელმწიფოში. ეს ის პრობლემებია, რის თაობაზეც ყველაზე მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს ევროკავშირმა და არა იმაზე, რამენაირად თავისი ორმაგი სტანდარტით საქართველოზე მორიგი შეტევა განახორციელოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე პიროტექნიკის გაყიდვა დროებით აკრძალეს, რომელიც ძალაში 27 ნოემბრამდე იქნება.

მსგავსი