გია ვოლსკი – საქართველო, პატარა ქვეყანა როცა თავს იცავს და ცდილობს, დესტაბილიზაცია აირიდოს, ამის რადიკალურად განსხვავებული შეფასება აქვთ ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ორმაგი სტანდარტია
საქართველო, პატარა ქვეყანა როცა თავს იცავს და ცდილობს, დესტაბილიზაცია აირიდოს, ამის რადიკალურად განსხვავებული შეფასება აქვთ ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ორმაგი სტანდარტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ვოლსკის თქმით, „საქართველოს ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში ღრმად შევიდნენ და გამოიკვეთა, რომ კონფრონტაციაში არიან არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან, არამედ მთელ საზოგადოებასთან“.
„აქედან გამომდინარე, რაღაცნაირად უნდათ, მათი უგუნური პოლიტიკა რაღაცნაირად შეფუთონ და შეფუთვასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები წარმოექმნათ. ევროპულ დედაქალაქებში არა მხოლოდ „მოლოტოვის კოქტეილის“, არამედ ბევრი სხვა სცენარის გამეორება ვიხილეთ. სახელმწიფო სტრუქტურებთან სხვადასხვა თემაზე საკმაოდ სერიოზული შეტაკებები ხდება. ვერავინ დაიჯერებს, რომ სკოლის მოწაფეები გამოვიდნენ და სკოლების გადაწვა დაიწყეს იმიტომ, თურმე სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ მოსწონთ. მაღაზიებს ძარცვავენ და საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. როცა საქართველო, პატარა ქვეყანა თავს იცავს და ცდილობს, ქვეყანა დესტაბილიზაციას აირიდოს, ამის აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული შეფასება აქვთ ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ორმაგი სტანდარტია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.