გია ვოლსკი – ბრიუსელში, გაფართოების ფორუმზე დაბალ დონეზე მიწვევა წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ევროკავშირი მიჰყვება

16:42, 16.11.2026

ამ ვითარებაში მსგავსი სახის მიწვევა საქართველოს არათუ არ ეკუთვნის, არამედ ეს დამოკიდებულება არაპროფესიონალიზმის მწვერვალია, დაფინანსება რასაც იხილავენ, უახლოეს პერიოდში 700 მილიონამდე უნდა ჩაიდოს, ყველა რუკაზე, რომელიც განიხილება, საქართველო არათუ მონიშნულია, არამედ მთავარი ტრასები, მთავარი ხაზები, გინდა მილსადენების, გინდა ტრასების, საქართველოზე გადის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ამ რუკაზე მსჯელობენ და საქართველოს იმ დონეზე არ იწვევენ, რომელიც ეკუთვნის იმ საკვანძო ქვეყანას, რომელიც ამ დაკავშირებადობის ერთ-ერთ საგანგებო უბანზე გეოგრაფიულად არის განლაგებული. თუ ეს მარტა კოსს არ ესმის, ყველა დანარჩენს კარგად ესმის.

„იქ ბულგარეთისა და რუმინეთის თემებია, სადაც ენერგორესურსების გადაზიდვაზეა ლაპარაკი, მწვანე ენერგიაზე, კაბელის გაბმაზე, კაბელის გაყვანაზე აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით და უამრავ სხვადასხვა პროექტზე. რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერში ჩართულები ვართ, მაგრამ საქართველოს არ მოწვევა წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მოწვევა დაბალ დონეზე წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირი მიჰყვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის თავს დაუპირისპირდება იმ პრინციპში, რომელსაც ღაღადებს უკვე ბოლო პერიოდია არა მხოლოდ მარტა კოსი იმასთან დაკავშირებით, რომ  თითქოსდა, საქართველო ევროპის სტანდარტების მოღალატეა და მხოლოდ ფურცელზეა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ბრიუსელში დღეს გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალი გაიმართება.

მსგავსი