ზურაბ ჯაფარიძე - ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები, ამ პოზიციაზე ვარ დღესაც და არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი
ზურაბ ჯაფარიძე - ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები, ამ პოზიციაზე ვარ დღესაც და არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი

ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები, ამ პოზიციაზე ვარ დღესაც და არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„მე რაც ვთქვი იყო ის, რომ სალომე სამადაშვილმა საკითხი ისე დააყენა, თითქოს მე სიმართლის საუბარს თავი უნდა დავანებო, თუ მე მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხმები მივიღო. ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები, ამ პოზიციაზე ვარ დღესაც და არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი, რადგან ბოდიში არაფერზე მაქვს მოსახდელი.

ეს თავდასხმები რას ნიშნავს, საერთოდ არ მესმის. თუ რაიმე შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა, ეს მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ტონია, სადაც ის ჩვენ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოიხსენიებს, როგორც პარტიუკებსა და პოლიტიკანებს. მე მსგავსი შეურაცხმყოფელი ტერმინი არ გამომიყენებია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა „გირჩის“ ლიდერის ერთ-ერთ განცხადებაზე საუბრისას დღეს აღნიშნა: „ზურაბ ჯაფარიძემ დაუშვა შეცდომა, უპრიანი იქნება, მიმართოს ჩვენს ამომრჩეველს და გნებავთ, ბოდიში მოიხადოს“.