სალომე სამადაშვილი - პოლიტიკოსები, რომლებიც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერის, ლევან ვარშალომიძის გუშინდელ განცხადებას, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორის მოწყობის შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„არ ვიცი, იდეა, მოქალაქეებისთვის მეორე ტურზე სირცხვილის დერეფნების მოწყობის, ვის ეკუთვნის. მხოლოდ ვიცი, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ“, – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ.
ამასთან, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებულია ყველგან და ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი.
მსგავსი შინაარსის განცხადება ლევან ვარშალომიძემ დღესაც გააკეთა.
„მეორე ტურზე ყველა საარჩევნო უბანთან სირცხვილის კორიდორები მოეწყობა და თუ რამე დაპირისპირება მოხდა, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება“,- განაცხადა ვარშალომიძემ.