სალომე სამადაშვილი - ადგილმონაცვლის დამტკიცება პროცედურული საკითხია და არ იქნებოდა ლოგიკური, რომ დღეს ბოიკოტი შეგვეწყვიტა
სალომე სამადაშვილი - ადგილმონაცვლის დამტკიცება პროცედურული საკითხია და არ იქნებოდა ლოგიკური, რომ დღეს ბოიკოტი შეგვეწყვიტა

ადგილმონაცვლის დამტკიცება პროცედურული საკითხია და ძალიან უცნაური იქნებოდა, რომ პარლამენტს სხვა გადაწყვეტილება მიეღო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ბადრი ბასიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, დეპუტატის ადგილმონაცვლის დამტკიცება პროცედურული საკითხია და ძალიან უცნაური იქნებოდა პარლამენტს სხვა გადაწყვეტილება რომ მიეღო.

„რაც შეეხება ბოიკოტს, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ბოიკოტი გამოცხადებული კონკრეტული მიზეზით, რაც უკავშირდება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას და ეს მიზეზი არ ამოწურულა. არანაირი ლოგიკა არ იქნებოდა, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი, რომ ჩვენ დღეს შეგვეწყვიტა ბოიკოტი, თუნდაც იმიტომ, რომ კენჭისყრაში მიგვეღო მონაწილეობა, სადაც მტკიცდება ჩვენი ახალი თანაფრაქციელის კანდიდატურა. კარგია, რომ საპროცედურო საკითხი არ გახდა პოლიტიკური მნიშვნელობის და უმტკივნეულოდ დამტკიცდა ბატონი ბასიშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას დღეს დაუჭირა მხარი.  საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ითხოვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბადრი ბასიშვილის ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ კენეჭისყრის საკითხი არ განხილულიყო ან გადადებულიყო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის სხდომაზე არ მივიდოდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.

კონსტიტუციის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება, გახდეს.

სხდომას არ დასწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და საპარლამენტო ფრაქციები – „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“.

საკითხზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონვე აცხადებს უარს თავისი პარტიული სიით ნომინირებული კანდიდატის განხილვასა და დამტკიცებაში მონაწილეობაზე.