კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს
კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განმარტებით, თუ სასამართლომ პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია, მას უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი კახიანი დეპუტატ ნიკა მელიას საკითხს გამოეხმაურა და კონსტიტუციით გათვალისწინებული ის პროცედურები განმარტა, რომელიც პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ეხება.

„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა. თუ სასამართლომ გამოიტანა პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ასეთ შემთხვევაში უკვე პარლამენტი ვალდებულია, შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება. ამ საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის და შესაბამისი დასკვნით მიმართავს პლენარულ სხდომას. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე. მხოლოდ პარლამენტს შეუძლია, შეუწყვიტოს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს. დადგენილებით ხდება უფლებამოსილების შეწყვეტა, ხოლო დადგენილების მიღებას დამსწრეთა უმრავლესობა სჭირდება, თუმცა ეს არ უნდა იყოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე ნაკლები“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს თავად პარლამენტი წყვეტს. კონსტიტუციით განსაზღვრულია პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზეზები. კერძოდ, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას; მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს; კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ; გარდაიცვალა; დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას. კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე დეპუტატ ნიკა მელიას ჯარიმა და ორი წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა განესაზღვრა.