ირაკლი ფავლენიშვილი - მიხეილ სააკაშვილის კომპლექსიდან ვერ გამოვიდნენ, მუდმივად სწორება აქვთ მასზე, ჯობს, კონცენტრირდნენ ივანიშვილთან ბრძოლაზე და არა კაცზე, რომელიც ხუთი წელია, პატიმრობაშია
ირაკლი ფავლენიშვილი - მიხეილ სააკაშვილის კომპლექსიდან ვერ გამოვიდნენ, მუდმივად სწორება აქვთ მასზე, ჯობს, კონცენტრირდნენ ივანიშვილთან ბრძოლაზე და არა კაცზე, რომელიც ხუთი წელია, პატიმრობაშია

მიხეილ სააკაშვილი არის სხვა მასშტაბის პოლიტიკოსი ქართული სტანდარტებითაც, რადგან ის არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ პუტინის ოპონენტიცაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ქვეყნისთვის საბრძოლველად ჩამოვიდა და არა ეჭვიანობის გამო.

„მიხეილ სააკაშვილზე ეს გამოხმაურებები და თავდასხმები მახსენებს ქართულ ლექსს: „აგიაშვილსა ნიკასო არ ყვარებია პიკასო, გადარეულა პიკასო, რა დავუშავე ნიკასო“. მართლა ამ ლექსს მახსენებს ქართველი პოლიტიკოსების თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე. საბოლოო ჯამში, მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ უნდა ამ ქვეყნის გამარჯვება და საქმიანი რჩევები აქვს მათ მიმართ. არავის არ ებრძვის და არავისზე არ ეჭვიანობს, ამის საფუძველი არ არსებობს. ის უბრალოდ საქმიან რჩევებს იძლევა, ითვალისწინებს წარსულს და, წარსულის მიხედვით, მომავალში არ განმეორდეს იგივე შეცდომები. მას აქვს კეთილგანწყობა და კონსტრუქციული მიდგომა ყველას მიმართ. მათ შორის, ის იყო ალიანსში ჩვენი ყოფნის ერთ-ერთი ინიციატორი, ამიტომ არანაირი მტრობა მას არცერთი პოლიტიკოსის მიმართ არ აქვს და ვერც ექნება. ის არის სხვა მასშტაბის პოლიტიკოსი, ქართული სტანდარტებითაც რომ გავითვალისწინოთ, რადგან არის პუტინის ოპონენტი, არამხოლოდ ივანიშვიკლის ოპონენტი. ამიტომაც მას ეს საქმიანი მიდგომა აქვს, რადგან უნდა, რომ მალე დამარცხდეს ეს რეჟიმი და რჩევებს აძლევს ხოლმე ადამიანებს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, რა ხდებოდა ადრე „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ მაშინ პარტიის წევრი არ იყო, თუმცა ამბობდნენ, რომ ნიკა მელიას კონკრეტული განწყობები ჰქონდა.

„მე მაშინ არ ვიყავი პარტიის წევრი და არ ვიცი, რას ფიქრობდნენ ადრე, მაგრამ პარტიის სხვა წევრები ამბობენ, რომ ნიკა მელიას ეს განწყობები ახასიათებდა ადრეულ ეტაპზე. თუმცა, ფაქტია, არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილზე სამიზნის მომართვა. ოპოზიციაში ვართ, ამ კაცს ივანიშვილი და პუტინი ებრძვიან და ოპოზიციონერები ებრძოდნენ ივანიშვილს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

პოლიტიკოსის თქმით, სააკაშვილს სხვა მიზნები და დღის წესრიგი აქვს და არა ვინმეზე ეჭვიანობა.

„ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა ქვეყნისთვის საბრძოლველად და არა საეჭვიანოდ, ეს ყველამ ვიცით, უბრალოდ ძალიან დამახინჯებულია ინფორმაციები. მიხეილ სააკაშვილს „ვარდების რევოლუციაც“ ეჭვიანობის ნიადაგზე არ მოუხდენია და არც უკრაინაში უბრძოლია კორუფციის წინააღმდეგ. ის იბრძოდა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, მათ შორის, უკრაინაშიც იბრძოდა რუსული იმპერიის წინააღმდეგ და სხვა მიზნები და დღის წესრიგი აქვს ამ ეტაპზე. ალიანსის ერთობა არის ძალიან პრაგმატული. მიზნიდან და მიზეზიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ წინააღმდეგობაში ჩართული. წინააღმდეგობაში ყოფნა არის, რომ თანამშრომლობა არის უკეთესი, ვიდრე ერთმანეთთან კომუნიკაციის არქონა. ხომ ნახეთ, როგორ ვითანამშრომლეთ 26 მაისს აქციაზე. სხვადასხვა აზრი გვაქვს ბევრ საკითხზე, ეს ყველასთვის ცნობილია. ალიანსის დაფუძნებით ეს განსხვავებები არ შეიცვლებოდა“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა გააკეთოს თუ არა „ოპოზიციის ალიანსმა“ არჩევანი ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეს არჩევანი არ არსებობს.

„ასეთი არჩევანი რეალურად არ არსებობს. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს, ეს მისი გადაწყვეტილებაა, თუმცა ალიანსს აქვს მარტივი მიზანი, ის დგას მარტივ საკითხზე, რომ წინააღმდეგობაში მყოფი პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ძალიან სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილის კომპლექსიდან ვერ გამოვიდნენ და მუდმივად სწორება აქვთ მიხეილ სააკაშვილზე. აჯობებს მათთვისაც და ქვეყნისთვისაც, კონცენტრირდნენ ივანიშვილთან ბრძოლაზე და არა იმ კაცზე, რომელიც, ხუთი წელია, პატიმრობაშია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნულია: „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.