არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონვე აცხადებს უარს თავისი პარტიული სიით ნომინირებული კანდიდატის განხილვასა და დამტკიცებაში მონაწილეობაზე 
არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონვე აცხადებს უარს თავისი პარტიული სიით ნომინირებული კანდიდატის განხილვასა და დამტკიცებაში მონაწილეობაზე 

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაესწრება პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, სადაც მათი პარტიული სიით ადგილმონაცვლის დამტკიცების საკითხი განიხილება, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სხდომებში მონაწილეობის საკითხზე ბიუროს მიმართეს საპარლამენტო ფრაქციებმა „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო -რეგიონები“. ისინი სხდომებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, ანალოგიური მიმართვა ბიურომ „ნაციონალური მოძრაობიდანაც“ მიიღო.

„რამაზ ნიკოლაიშვილის მომართვა გვაქვს ანალოგიურზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მომართვა გვაქვს რიგგარეშე სხდომაზე ანალოგიური. ანუ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მოგვმართავს, რომ რიგგარეშე სხდომას, სადაც განიხილება მათი პარტიული სიით ადგილმონაცვლის დამტკიცების საკითხი, არ ესწრებიან. რეალურად, ისინი თვითონვე აცხადებენ უარს, თავისი პარტიული სიით ნომინირებული კანდიდატის განხილვაში და მის დამტკიცებაში, ანუ მის მხარდაჭერაში მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 30-მდე საკითხის განხილვა, მათ შორის არის სამოქალაქო კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, ასევე დადგენილების პროექტი საპარლამენტო დელეგაციებში გარკვეული ტიპის ცვლილებებზე. ამავე სხდომაზე დეპუტატები ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების საკითხს უყრიან კენჭს.