პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება
პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 30-მდე საკითხის განხილვა, მათ შორის არის სამოქალაქო კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, ასევე დადგენილების პროექტი საპარლამენტო დელეგაციებში გარკვეული ტიპის ცვლილებებზე.

ამავე სხდომაზე დეპუტატები ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების საკითხს უყრიან კენჭს. სხდომას პოლიტიკური ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრებიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” და ფრაქცია „ევროპული საქართველოს” წევრები.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ნიკა მელიასთვის მანდატის ჩამორთმევა უკანონო გადაწყვეტილება იყო და აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციურ პარტიას სამართლებრივი დავა აქვს დაწყებული.

„პირველ რიგში, რაც შეეხება ნიკა მელიასთვის მანდატის ჩამორთმევას, ეს როგორც იცით, ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ სამართლებრივი დავა. რაც შეეხება ნიკა მელიას ადგილმონაცვლის შესვლას პარლამენტში, მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა. ჩვენი ფრაქცია არ მიიღებს მონაწილეობას დღევანდელ სხდომაში, რადგანაც ჩვენ ვაგრძელებთ პარლამენტის პლენარული სხდომის ბოიკოტირებას, ვიდრე არ გვექნება პროგრესი იმ მოლაპარაკებებში, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტი პოლიტიკური სპეკულაციაა. რაც შეეხება ნიკა მელიას მანდატის შეჩერებას, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ პარლამენტმა კონსტიტუციის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

„საპარლამენტო მუშაობაზე ოპოზიციის ბოიკოტი ვერ გეტყვით, რომ ან დადებითად ან უარყოფითად, ან რამენაირად აისახება. ისინი როდესაც იყვნენ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული და ბოიკოტის რეჟიმში არ იყვნენ, დაკავებული იყვნენ მხოლოდ პოლიტიკური საბოტაჟით. რაც შეეხება ნიკა მელიას, არა მხოლოდ ჩემი შეფასებით, არამედ თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ არსებობს კონკრეტულად ჩამოწერილი საკითხები საქართველოს კონსტიტუციაში, რეგლამენტში, რაც ხშირად იწოდება, როგორც ფორმალური და ამ ფორმალური გარემოებების გამო საკონსტიტუციო სასამართლოში სირბილი, ასევე პოლიტიკური სპეკულაციაა. იყო ფორმალური საკითხი. როდესაც კონკრეტული განაჩენი დგება, როდესაც ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგება, გარდაცვლილად გამოცხადდება, მე ჩამოგითვალეთ ნაწილი ფორმალური საფუძვლებისა, ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის ხოლმე მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. აქაც არაჩვეულებრივი არაფერი მომხდარა. ერთ-ერთი ჩვეულებრვი მიმდინარე პროცედურა იყო. ამაზეც ააგეს პოლიტიკური ე.წ. სკანდალი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიას თებერვლის პირველ სამშაბათს, 4 თებერვალს გახსნის. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თებერვლის დასაწყისში პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ. ეკატერინე ტიკარაძესთვის „მინისტრის საათის“ ფორმატში საშემოდგომო სესიის დახურვის დღეს უნდა მოესმინათ, თუმცა დროის სიმცირის გამო გადაიდო.