საქართველოს პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას 75 ხმით მხარი დაუჭირა, ორი დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა.

საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ითხოვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბადრი ბასიშვილის ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ კენეჭისყრის საკითხი არ განხილულიყო ან გადადებულიყო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის სხდომაზე არ მივიდოდნენ.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის რეგლამენტი მოითხოვს, რომ აუცილებლად მოხდეს კენჭისყრა, წინაღმდეგ შემთხვევაში სხვა საკითხებს ვერ განიხილავენ.

„რაც შეეხება საკითხის გადადებას, პარლამენტის რეგლამენტი, პირდაპირ, იმპერატიულად ითხოვს, რომ დეპუტატის როგორც უფლებამოსილების ცნობის, ასევე მისი შეწყვეტის საკითხის განხილვა და კენჭისყრა აუცილებლად უნდა მოხდეს სესიის დაწყებისთანავე. სხვა საკითხების განხილვა დაუშვებელია, ვიდრე ეს არ იქნება განხილული. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან  უპასუხისმგებლობის ზენიტია ის, რომ პარტიული სიით წარმოდგენილი კანდიდატის განხილვაზეც კი არ შემოდის, რომ ხმა მისცენ. მათი მიზანია, მოახდინონ პარლამენტის დისკრედიტაცია. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ შევასრულოთ ვალდებულებები, რომლებიც არის გათვალისწინებული კანონმდებლობით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.

კონსტიტუციის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება, გახდეს.

სხდომას არ დასწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და საპარლამენტო ფრაქციები – „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“.

საკითხზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონვე აცხადებს უარს თავისი პარტიული სიით ნომინირებული კანდიდატის განხილვასა და დამტკიცებაში მონაწილეობაზე.