სალომე მეზურნიშვილი - მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით პრობლემები კანონის აღსრულების ნაწილშიც არსებობს
2017 წლის მაისის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაახლოებით 692 საქმეა, სადაც არასრულწლოვანი ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა არც ერთხელ არ მომხდარა, – განაცხადა „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ პროექტის კოორდინატორმა, სალომე მეზურნიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით პრობლემები კანონის აღსრულების ნაწილშიც არსებობს. არიან მარტოხელა მშობლები, რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, აღსრულება წლების განმავლობაში ვერაფერს აკეთებს, რადგან ალიმენტდაკისრებული პირი ან შემოსავლებს არ აჩენს, ან უგზო–უკვლოდაა გაუჩინარებული და მის მიმართ იძულებითი აღსრულება ვერ ხდება“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.
როგორც „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ პროექტის კოორდინატორმა აღნიშნა, საჭიროებების გათვალისწინებით, მარტოხელა მშობლებისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გარკვეულ დახმარებებს გამოყოფენ, მაგრამ მოქალაქეებმა ამის შესახებ არაფერი იციან, რაც ცალკე პრობლემაა.
„მაგალითად, ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში განისაზღვრა მარტოხელა მშობლებისთვის კომუნალური გადასახადების დახმარება, მაგრამ მარტოხელა მშობლებმა ამის შესახებ არ იციან. მათი ინფორმირება ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უნდა უზრუნველყონ“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.
მისი თქმით, თუ ბავშვი დედის გვარზეა და მამის გრაფა ცარიელია, ქალი იუსტიციის სახლში უნდა მივიდეს და მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს.
„გარდა ამისა, განმცხადებელს შეუძლია, სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს მიმართოს, წარადგინოს პირადობისა და ბავშვების დაბადების მოწმობა. პრაქტიკაში ასევე ითხოვენ ორი მოწმის წერილობით ახსნა–განმარტებას, რომ პირი ბავშვებს ნამდვილად მარტო ზრდის. ეს მოწმეები შესაძლოა, უმეტესწილად, მეზობლები იყვნენ“, – განაცხადა სალომე მეზურნიშვილმა.