სანდრო ცაგარელი - გიორგი გახარიას გუნდს აქვს პოტენციალი, პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალოს
სანდრო ცაგარელი - გიორგი გახარიას გუნდს აქვს პოტენციალი, პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალოს

გიორგი გახარიას გუნდს, ცხადია, აქვს პოტენციალი, პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალოს, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსმა, სანდრო ცაგარელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„გიორგი გახარიას გუნდს, ცხადია, აქვს პოტენციალი იქიდან გამომდინარე, რომ პირადად გახარიას და მის გუნდსაც აქვს ხელისუფლებაში ყოფნისა და მართვის გამოცდილება, მაგრამ ვიდრე ძალიან კონკრეტული, ან ყოველ შემთხვევაში, ღირებულებების დონეზე არ მეცოდინება, რამდენად განსხვავებული იქნება მისი ახალი პლატფორმა იმისგან, რაც იყო, ძალიან რთულია, გავიგო, რა შეიძლება, ახალი შემოიტანოს“, – განაცხადა ცაგარელმა.

ამ განცხადებით სანდრო ცაგარელმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად რეალისტურია დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა და აქვს თუ არა გიორგი გახარიას გუნდს პოტენციალი, რომ არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალოს.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, გიორგი გახარიას გუნდის მიმართ არც ანტაგონისტურად არის განწყობილი და არც დიდი მოლოდინებით.

„უბრალოდ, არ მინდა, დარჩეს ცარიელ პიარსვლებად, შიგადაშიგ ფოტოებად და იმის ხარჯზე, რომ ქარიზმატულია და ასე შემდეგ, აქამდე დავიდეს. მინდა, ვნახო რეალური ნაბიჯები. ვთქვათ, ენორგოპოლიტიკასთან დაკავშირებით რა ხედვა აქვს, რას თვლის შეცდომად, რას უპირატესობად და როგორ აპირებს განვითარებას“, – განაცხადა ცაგარელმა.

მისი თქმით, ძველ თუ ახალ პარტიებში ბევრი ახალი სახეა, რომლებსაც შეიძლება, ზოგიერთი ძველი სახეც სჯობდეს.

„არ მგონია, რომ ახალი სახეების მუდმივი ფეტიში სწორია. გახარიას შემთხვევაში, ის ახალი სახე არ არის, მაგრამ ზოგადად, მუდმივად ახალი სახეების ძიება არ მგონია, სწორი იყოს. ვიცი ახალი ადამიანები, რომლებსაც ძველი იდეები მოაქვთ. რამდენი ახალი სახე ვიცით ახალ პარტიებში და მათ შორის, ახალგაზრდებიც, რომლებსაც შეიძლება, ზოგიერთი ძველიც სჯობდეს, ხომ?!“, – განაცხადა ცაგარელმა.

სანდრო ცაგარელმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი რომ ადეკვატური და ნორმალური იყოს, „ნამახვანჰესი“ არის თემა, რომლის გამოც ხელისუფლება ყოველდღიური ოპონირების რეჟიმში უნდა ჰყავდეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიცია ასეთი რეალური პრობლემებისგან განზე დგას.

„მინდა, პოლიტიკური სიტუაცია მცირედით დავაკავშირო „ნამახვანჰესს“. როდესაც თავიდან იყო ის, რომ პარლამენტში განხილვები მოხდა, გულწრფელად გეტყვით, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ძალიან ჭკვიანურად იყო გაკეთებული. იმიტომ, რომ პარლამენტის რეალური ფუნქცია წარმომადგენლობითობაა და ძალიან ჭკვიანური იყო, მათ შორის, საკითხებზე დისკუსია ამ დონეზე აწეულიყო; იმის გამო, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში არ არის, ჭკვიანური იყო, ეს სიცარიელე ამ ფორმით შევსებულიყო, მაგრამ საბოლოოდ, დაიკარგა, რაც მგონია, რომ ძალიან ცუდია. ხელისუფლების პასუხისმგებლობა ის არის და ჭკვიანური ის იქნებოდა, რომ თუნდაც, იგივე პარლამენტი უფრო მეტად დაუთმოს ასეთ განხილვებსა და ინიციატივებს“, – განაცხადა სანდრო ცაგარელმა.