მერი მაღლაფერიძე - საზოგადოებას არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ არ გვაქვს სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიული ფორმები და დიდი ზომის ინსტიტუციებს ამიტომ ვიყენებთ
მერი მაღლაფერიძე - საზოგადოებას არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ არ გვაქვს სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიული ფორმები და დიდი ზომის ინსტიტუციებს ამიტომ ვიყენებთ

საზოგადოებას არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა სიმძლავრის დაწესებულებები, თუ სახელმწიფო ზრუნვის სხვა, ალტერნატიული ფორმები და დიდი ზომის ინსტიტუციებს ამიტომ ვიყენებთ, – ასე უპასუხა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად აქვს სახელმწიფოს რესურსი, უმოკლეს დროში აამოქმედოს ზრუნვის ალტერნატიული მექანიზმები.

„დეინსტიტუციონალიზაცია ჩვენთვის ნამდვილად არის მიზანი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ეს ეხება ყველა დიდი ზომის ინსტიტუციას, რომელიც საქართველოში არსებობს. მეორე, ჩვენ ვქმნით და ვცდილობთ, შევქმნათ რაც შეიძლება მეტი ალტერნატიული ზრუნვის ფორმა, როგორიც არის მცირე საოჯახო ტიპის სახლები, ფოსტერი ოჯახები და პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება. ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, ზოგადად, დიდი ზომის დაწესებულებებში ყოველთვის არსებობს ძალადობის საფრთხეები და სახელმწიფოს პოლიტიკაა, გაგრძელდეს და დასრულდეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა ვითარებაა სხვა პანსიონებში და აქვს თუ არა სახელმწიფოს რესურსი, ყველა დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა სრულფასოვნად შეისწავლოს, მერი მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტო მონიტორინგს სხვა დაწესებულებებშიც ახორციელებს.

„ამ დაწესებულებებში ვითარების კონტროლისთვის და იმისთვის, რომ ბავშვების უფლებები დაცული იქნას, მონიტორინგის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გვაძლევს ინფორმაციას და შესაძლებლობას, რომ მუდმივად ვიცოდეთ, იქ რა ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ დროული რეაგირება იმ საეჭვო ფაქტებზე, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მოგვეწოდება, ან იმ ფაქტებზე, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნება“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელსაც მონიტორინგის ვალდებულება აკისრია.

„სახელმწიფო ზრუნვის ამა თუ იმ ფორმასთან დაკავშირებით ისინი ჩვენ მუდმივად გვაწვდიან რეკომენდაციებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, ეს რეკომენდაციები გავითვალისწინოთ და მხედველობაში მივიღოთ, რადგან მათი რეკომენდაციები ყოველთვის ეხება ამ ზრუნვის ფორმებში მიმდინარე მოვლენებს და იქ სერვისების დახვეწის აუცილებლობას“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.